მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება

2020-06-15 12:36:57

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა თუ ვისთვის იქნება სავალდებულო პირბადის ტარება.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების მიხედვით განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება აუცუილებლობას წარმოადგენს.

"როგორც მოგეხსენებათ პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით გარკვეულ ადგილებში, კერძოდ დახურულ, საჯარო სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი, ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ასევე ზოგიერთი ჯგუფის ადამიანებისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და დაწესდა გარკვეული გამონაკლისები.

კერძოდ, პირბადის არ ტარების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საკითხს თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ. "ფანტ ოფისებში", ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე შეხვედრებზე, გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე. ასევე სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებში, ესთეთიკის მედიცინის ცენტრებში, უმაღლეს და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პირბადის გამოყენება სავალდებულო არ იქნება 6 წლამდე ბავშვებისთვის და სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სადაც პირბადის ტარება სამუსაო პროცესს აფერხებს. ასეთია მაგალითად ლოგოპედის მომსახურეობა და სხვა.