რუსთავის მერიის ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსის" სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია ინფო რუსთავს თავად ლაბაძემ დაუდასტურა.
რა მოტივით მოხდა გათავისუფლება, ამ კითხვით ინფო რუსთავმა ლაბაძეს მიმართა თუმცა, უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სამსახურში არანაირ დარღვევებს და გადაცდომებს ადგილი არ ჰქონია და მისი გათავისუფლება ბრძანების საფუძველზე მოხდა.
ინფო რუსთავის კითხვას აპირებს, თუ არა სამართლებრივ დავას, ლაბაძემ არ უპასუხა.
რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, სამსახურს თემურ მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. მჭედლიშვილი აღნიშნულ სამსახურში მაშინ მუშაობდა, როდესაც რუსთავის კორპუსს ირმა მესხი ხელმძღვანელობდა.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში კომენტარი გააკეთეს.
"ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკურ პირს-ზვიად ლაბაძეს შორის 2017 წლის 16 ივნისს გაფორმებული დავალების ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეებს შორის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმდებს განუსაზღვრელი ვადით მარწმუნებლის მიერ დავალების ხელშეკრულების წერილობითი ფორმით მის გაუქმებამდე და ამავე მუხლის 4.3. პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით, სადაც წერია, რომ ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მარწმუნებლის მიერ დავალების გაუქმების შედეგად", - აცხადებენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში.