"პირბადე ცხვირს და ნიკაპს უნდა ფარავდეს"

2020-06-14 09:10:50

"პირბადე ცხვირს და ნიკაპს უნდა ფარავდეს. ის, რომ ვიღაცას პირბადე ფორმალურად უკეთია, ეს დარღვევად ჩაითვლება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

პირბადის წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებაზე კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, რომ პირბადის ტარების წესი მთავრობამ უკვე შეიმუშავა. წესში გაწერილია როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე. მისი განმარტებით, სავალდებულოა, რომ პირბადემ ცხვირი და პირი სრულად დაფაროს, რათა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის რისკი არ შეიქმნას.

დეპუტატის განცხადებით, წესში განსაზღვრული არ არის კონკრეტული პირბადე, რომელიც მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს.

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და არ შეუძლიათ პირბადის გაკეთება, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი ცნობა უნდა აიღონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.  

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.