მეათე ინფიცირებული რუსთავში

2020-06-14 00:09:58

რუსთავში მეათე ინფიცირებული ფიქსირდება.

ბოლო ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია, მას კონტაქტი ჰქონდა იმ კოლეგასთან, ვისაც კოვიდ19 დაუდასტურდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანამ რუსთაველ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა ან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო ან საკარანტინე სივრცეში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალმა დაბადების დღე გადაიხადა და მეგობრები დაპატიჟა, ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სამედიცინო მუშაკმა მიაწოდა.

ინფიცირებული ახალგაზრდას მეგობრები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ, რომ მათი მეგობრისთვის მითითება, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყო, არ მიუციათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარ მეგობრებს და ოჯახის წევრებს საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.

მოგვიანებით ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, მალევე დადგინდა იმ პირთა ვინაობაც, ვინც მასთან ერთად მისი დაბადების დღე აღნიშნა. ასეთი 9 ადამიანი აღმოჩნდა, ცხრავეს ჩაუტარდა ტესტირება და ტესტის პასუხები უარყოფითია.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ ცხრავე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 9 უკვე გამოჯანმრთელებულია.