მთავრობის გადაწყვეტილება

2020-06-12 13:20:32

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერის პრესსამსხურის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 9 ახალი კოვიდინფიცირებიდან 5-ის პირველწყაროს დადგენა ამ ეტაპზე ისევ ვერ ხერხდება. რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება არათუ არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი, არამედ პირიქით, საჭიროა შესაბამისი უწყებებისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ზედმიწევნით დაიცვან ყველა მითითება, რომელიც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის დაცვისა და „კოვიდ-19“-ის მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის.

ასევე, საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები.

გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ. მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, „კოვიდ-19“-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, რომლებთან დაკავშირებითაც დამატებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იქ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარების საფუძველზე მიიღებს.