რუსთავს 10 ათასი პირბადე აჩუქეს

2020-06-11 16:37:59

,,საპარტნიორო ფონდმა” რუსთავს 10 000 ცალი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აქციის ფარგლებში ,,საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა. 

,,საპარტნიორო ფონდმა“  ძალიან კარგი ტრადიცია დაიწყო,  ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩინეთიდან ჩამოტანილ პირბადეებს და ასევე  თერმოსკრინინგის აპარატებს ვურიგებთ იმ ქალაქებს და იმ კლინიკებს, რომლებიც ასე წარმატებულად ებრძვიან ამ მსოფლიო სენს. დღეს რუსთავში ჩამოვედით და ქალაქის მერს გაადვეცით 10 ათასზე მეტი პირბადე და თორმოსკრინინგის გარკვეული რაოდენობის აპარატები, რომლებიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად წაადგება იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც ჯერ-ჯერობით კიდევ არსებობს. მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს და მეგობრებს.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ,,საპარტნიორო ფონდის დახმარებით შექმნილმა საწარმომ, რომელიც  უმაღლესი ხარისხის პირბადეებს უშვებს, რუსთავისთვის გვთხოვა გადმოგვეცა გარკვეული რაოდენობის პირბადეები.  იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ,,საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ,,საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს გაწეული დახმარებისთვის  მადლობა გადაუხადა. 

,,მადლობა ,,საპარტნიორო ფონდს“  ამ აქციისა და დახმარებისთვის. დღეს გადმოგვცეს 10 ათასზე მეტი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს პირბადეები  იმ მოწყვლად ჯგუფებზე გადავანაწილოთ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. პირბადეები გადანაწილდება იმ  რუსთაველებზე,   ვიზიტორებზე,  რომლებიც მერიის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებში სხვსდსსხვა საჭიროების გამო მოდიან.“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

10 ათასი პირბადე, რომელიც რუსთავის მერიას დღეს გადაევცა, ,,საპარტნიორო ფონდს“  ,,ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტმა“ , ,,ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიამ“ და ,,სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციამ ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით“  გადასცა.

,,საპარტნიორო ფონდმა“ გასულ კვირას 10 ათასი პირბადე,  ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს“  ქუთაისში, ასევე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსაც გადასცა.   ,,საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი პროდუქცია - Faceguard-ი, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე სამთავრობო და ბიზნეს წრეების  წარმომადგენლებსაც გაუგზავნა.
,,საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.