ინციდენტი რუსთავის სასამართლოსთან

2020-06-09 15:27:39

ხმაური იყო რუსთავის სასამართლოსთან, სადაც გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს სხეულის დაზიანებები აღენიშნება.

სასამართლოსთან მობილიზებული იყო სასაწრაფო დახმარების ორი ეკიპაჟი, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც, რომლებიც მამაკაცის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მის შემოწმებას ითხოვდნენ.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი, რომელსაც სხეულის დაზიანებები აღენიშნება, სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანა, რასაც ბრალდებულის ძმის გაღიზიანება მოყვა და ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს.

შეგახსნებთ, რომ 2019 წლის 5 ოქტომბერს მტკვარმა რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი გამორიყა. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მალევე დაიწყო და 6 პირი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი სამართალდამცავები.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება.

ვიდეო ნახეთ აქ