როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები

2020-06-09 14:38:27

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე.

საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

• მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

• მუდმივად ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

• მითითების შემთხვევაში  დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

• თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ  სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირების გამო არ დაიშვებიან, გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ. როგორც მიცკევიჩმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევა, რომ ეროვნული გამოცდები გამეორდეს, არ ყოფილა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების გამეორების პრეცენდენტი არ ასებობს. როგორც წინა წლებში, წელსაც იქნება რაოდენობა აბიტურიენტების, რომლებიც ვერ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას. ასეთი აბიტურიენტები გვყავდა წინა წლებშიც სხვადასხვა მიზეზების და მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. წელსაც მათთვის გადავადებული იქნება და გამოცდაში მონაწილეობას ისინი მომავალ წელს მიიღებენ“ - განაცხადა მიცკევიჩმა.