ახალი რეალობა რუსთავის რესტორნებში

2020-06-10 00:02:20

რუსთავში არსებული რესტორნების დიდმა ნაწილმა მუშაობა განაახლა, პირველი სტუმრები დღეს დახურულ სივრცეებშიც მიიღეს.

რამდენად გაუჭირდათ რეკომენდაციების შესრულება და რა სირთულეებთანაა კავშირში ფუნქციონირება პანდემიის ფონზე - ამ და სხვა კითხვებით "ინფო რუსთავი" ქალაქის რამდენიმე რესტორანს დაუკავშირდა.

აღმოჩნდა, რომ ბიზნესების მფლობელთა დიდი ნაწილი პანდემიის ფონზე მუშაობას სკეპტიკურად უყურებს. რესტორნების მფლობელები ვარაუდობენ, რომ მათ შესაძლოა ზარალზე მუშაობაც მოუხდეთ.

რესტორანი "ლაზიკა"  მუშაობას დღეს საღამოს ან ხვალ დილით შეუდგება. როგორც დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ამოწმებს, არის თუ არა სრულ თანხვედრაში რესტორანში არსებული პირობები გაცემულ რეკომენდაციებთან. "გარკვეული დეტალებია გასათვალისწინებელი, რომ არაფერი გამოგვრჩეს. ვფიქრობ, ზაფხული მკვდარი იქნება და სექტემბრიდან დაიწყება აქტიური სეზონი. ყველა რეკომენდაცია ძირითადად მიდის ფინანსებთან, რაც სირთულეებს ქმნის და ძალიან დიდ ტვირთად აწევს ობიექტს. პირბადეები უნდა გქონდეს, დეზობარიერები უნდა მოაწყო, სადეზინფექციო ხსნარები აუცილებელია, კედლებზე უნდა დააყენო მომხმარებლისთვის ხელის დასამუშავებელი საშუალებები, რაც ცხადია, მოითხოვს თანხებს. თუ 200 კაცს ვსვამდით დარბაზში ახლა ვეღარ დავსვამთ, ანუ შემოსავალიც განახევრდა. ახალი რეგულაციებით თბილისში მსგავსმა დაწესებულებებმა შესაძლოა თავი გაიტანონ, რადგან აწევენ ფასებს, რუსთავში კი ფასს ვერ მოუმატებ. გაუსაძლისი მდგომარეობაა, რა იქნება გამოსავალი ნამდვილად არ ვიცით. გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით თვითონ რეგულაციების შინაარსშიც. მაგალითად, 6 კაცი უნდა დავსვათ ერთ მაგიდაზე, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან შეიძლება 10-ც, ამის გარკვევა და გარჩევა კი გაჭირდება", - აცხადებენ რესტორან "ლაზიკაში.

დღეს პირველი სტუმრები მიიღეს რესტორან "სამეფოს" დახურულ სივრცეშიც, თუმცა როგორც დაწესებულების მეპატრონემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რესტორნის ადმინისტრაცია მომხმარებლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებს აწყდება. მაგალითად, 1 მაგიდაზე დაჯდომის 7 მსურველი და რესტორნის სტუმრები, რომელთაც პირბადის გაკეთება არ სურთ.
"ყველაზე დიდი პრობლემა არის აგრესია მომხმარებლების მხრიდან. ვერ ვაგებინებთ გარკვეულ წესებს. დანარჩენი, რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან გათვალისწინებულია მაღალ დონეზე. ყველაფერი სტანდარტების მიხედვით კეთდება. გვაქვს კონდინცირების სისტემაც, რომელსაც დარბაზებში გარედან შემოაქვს გრილი ჰაერი. ეს თავის დროზე გავითვალისწინეთ და ჩვენთვის უპირატესობაა. დატვირთვით რომ ვერ ვიმუშავებთ ეგ ფაქტია, თუმცა წინასწარი პროგნოზების გაკეთება ჭირს. ფასები სავარაუდოდ მოიმატებს, რადგან ყველაფერი გაძვირებულია, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმეს თქმა ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია. საკითხავია, საერთოდ როგორ იმუშავებს რესტორანი, ხარჯებს თუ დაფარავს", - აცხადებს რესტორან "სამეფოს" მესაკუთრე.

რეკომენდაციებზე მშვიდად რეაგირებენ რესტორან "მადაგონის" სტუმრები. "მაქსიმალურად დაცულია რეკომენდაციები. გავაკეთეთ დეზობარიერები, თერმოსკრინინგი, განლაგება მოთხოვნის შესაბამისად, 12 კაციანი მაგიდები გავთვალეთ 6 კაცზე. სტუმრები ნორმალურად რეაგირებენ ახალ რეალობაზე. როგორც რესტორანი, რასაც იდეაში რესტორანი გულისხმობს და რაც გვქონდა ჩვენ აქამდე, ცხადია, იმ სახით ვეღარ ვიფუნქციონირებთ. რა თქმა უნდა, მოგვაკლდება მომხმარებელიც, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება", - აცხადებენ რესტორან "მადაგონში".

რაც შეეხება რესტორან "სავანეს", დაწესებულებაში განგვიცხადეს, რომ ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური გახადეს მიტანის სერვისი და სწორედ ამ სერვისის სრული დატვირთვით აპირებენ მუშაობის გაგრძელებასაც. "ყველანაირ რეგულაციას შევხვდით მომზადებულები. თუმცა, ჯერ არ მიგვიღია პირველი სტუმრები. რესტორანს ჯერჯერობით ნაკლებად ვამუშავებთ. პრობლემაა ცხადია ისიც, რომ გაგრილების საჭიროება იქნება და კონდინცირებას ვერ გამოვიყენებთ. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გავააქტიურეთ მიტანის სერვისი და საკმაოდ კარგად მუშაობს. რადგან უკვე გადავეწყვეთ, გადავწყვიტეთ რომ ამ პერიოდშიც გატანის სერვისი ისევ აქტიური დავტოვოთ", - აცხადებენ რესტორან "სავანეში".

ჯერჯერობით არ გახსნილა რესტორანი "მონოპოლი", თუმცა ეს კავშირში არაა ახალ რეკომენდაციებთან. ობიექტი ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში განაახლებს. "სიმართლე გითხრათ, ეს რეკომენდაციები არ გვერთულება. ამასთან, ჩვენ ზუსტად ის კონდინცირება გვაქვს, რასაც რეგულაცია ითვალისწინებს. ზოგადად, ძალიან რთულია ამ ფონზე რაიმე პროგნოზის გაკეთება, თანაც რესტორნებს ზაფხულის სეზონზე ისედაც უჭირთ, მით უმეტეს, იმ რესტორნებს, რომლებსაც გარე პერიმეტრი არ გააჩნიათ. რაც შეეხება ფასებს, სავარაუდოდ, არ გაიზრდება. ჩვენი ხარჯები მოიმატებს, თუმცა ეს კლიენტზე არ აისახება", - აცხადებენ რესტორან "მონოპოლში".

სტუმრებს უკვე მასპინძლობენ რესტორან "იმპერიაშიც". დაწესებულებაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.