რის გამო მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მერიაში

2020-05-05 19:41:23

"დაიწყო ხმამაღალი საუბარი, ვითმენდი, რა მაქვს სხვა მოვალეობა, უნდა მოვითმინო, მაგრამ რომ გამოვედით სხდომიდან საყელოში მწვდა", - რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია მერიაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ექსკლუზიურად “ინფო რუსთავთან” საუბრობს.

ლორიას თქმით, მამაკაცთან, რომელსაც მას დაპირისპირება ჰქონდა, საქმიანი შეხვედრები უკვე 2 წელია აქვს. რუსთავის მერის მოადგილე გვიყვება, რომ აღნიშნული მოქალაქე ამ ხნის განმავლობაში მიწის ნაკვეთის გაფორმებას ცდილობს. მამაკაცი ამტკიცებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მან წლების წინ გადაცვალა სხვა ნაკვეთში.

ლორიას განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გაცვლის დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ მოიძია.

"მან გვთხოვა აქტი საჯარო რეესტრში წარსადგენად. მუნიციპალიტეტმა დაწერა, რომ მოწმეების ჩვენებას ადასტურებდა, სხვა არაფრის უფლება არ გვქონდა. რადგანაც ეს მამაკაცი უკვე დიდი ხანია ამ საკითხზე შესაბამის უწყებებში დადის, საჯარო რეესტრში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიწის მონაცვლეობის საბუთები არ არსებობს და რეესტრმა არ გაუტარა აქტი. საჯარო რეესტრიდან მოიწერეს, რომ მათთვის გასაგები იყო, მოწმეების პოზიციას რომ ადასტურებდა მუნიციპალიტეტი, თუმცა მოგვთხოვეს საკუთარი პოზიციის დადასტურება, რასაც მერია შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერ გააკეთებდა. ეს კრიმინალია. სპეციალურად მოვიყვანე სხდომაზე, რომ ეს აგვეხსნა", - განაცხადა გოჩა ლორიამ.

რუსთავის მერიაში მომხდარი ინცინდენტის ფაქტზე დაკავებული ახალგზარდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" დაკავებულის უფლებადამცველმა მიხეილ მუზაშვილმა განუცხადა.

მუზაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ.  

"ამ ეტაპისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენება არ მიუცია. ბრალი არ წაყენებია და შესაბამისად მხარეს მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს გადმოცემული. როცა გავეცნობით საქმის მასალებს, შეგვეძლება გარკვეული პოზიცია დავაფიქსიროთ", - განაცხადა მიხეილ მუზაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.