საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ პირს დაკავებისას მოხმარებისთვის უვარგისი ნარკოტიკი აღმოაჩნდა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აღარ შეეფარდება.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე გამოიტანა.
სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე და იურისტი გიორგი მახარაძე იცავდნენ.
„ეს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ერთ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მოსახმარად არის უვარგისი“,- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციოს ნარკოტიკული საშუალების კონკრეტული რაოდენობა არ განუსაზღვრავს და ყოველ კონრეტულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებმა უნდა განსაზღვრონ რა არის ვარგისი მოსახმარად.
„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ახლადგამოვლენილი გარემოება, რაც განაჩენის გადასინჯვის საფუძველია.
შესაბამისად, ის ადამიანი, ვინც სასჯელს იხდის ან პირობითი მსჯავრი აქვს, მას შეუძლია, მიმართოს თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმისთვის, რომ მათ მიმართ დამდგარი განაჩენი გადაისინჯოს”, – განაცხადა გოცირიძემ.