რუსთავის რამდენიმე ბაღს ახალი გამგე ეყოლება

2020-06-05 00:09:05

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში არსებულ რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებას ახალი გამგეები ეყოლება. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ცვლილებების გატარება 27-ე, მე-20, 25-ე , მე-10, 32-ე, 31-ე და მე-11 ბაღებში იგეგმება.

აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებებში როტაციის პრინციპი ამოქმედდება, არსებული გამგეები პოზიციებს შეიცვლიან და რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში იმუშავებენ.

საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, "ინფო რუსთავი" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს ესაუბრა. ხუციშვილმა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღების გაერთიანებაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, დაგვიდასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ახალი გამგეების ძებნაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა.

"ეს მოლაპარაკებები არსებობს. ჯერჯერობით 4 ბაგა-ბაღის გამგემ მიიღო ამაზე შეთავაზება. ისინი არიან თავისი საქმის პროფესიონალები და მარტო ერთი ბაღის კი არა, შესაძლოა რამდენიმე ბაღის პედაგოგთა აღზრდა და გადამზადება დაევალოთ. გაერთიანება უნდა დავაკომპლექტოთ მაღალკვალიფიციური კადრებით. უნდა შევიძინოთ აქ პროფესიონალები, რომლებიც  სააღმზრდელო პროცესების მართვას გააიოლებენ. თუ დაწინაურდებიან გამგეები და გადავლენ ბაღების გაერთიანებაში, იმ შემთხვევაში შეიძლება მოადგილეებმა შეასრულონ მათი მოვალეობა, მაგრამ ახალ გამგეებზე ლაპარაკი არ არის", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

"ინფო რუსთავი" ასევე ესაუბრე რამდენიმე გამგეს. მათ ჩვენთან საუბარში დაადასტურეს რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების შინაგანაწესი შეიცვალა და როტაციის წესი დაემატა. სააგენტოს ინფორმაციით, გაერთიანების მიერ გამართულ თათბირზე, რომელსაც ყველა გამგე ესწრებოდა, განაცხადეს რომ იქნება ცვლილებები და რომ გამგეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. გამგეების ნაწილისთვის როტაციის წესი მისაღებია, ნაწილისთვის კი მიუღებელი, თუმცა აცხადებენ რომ წესი უკვე დამტკიცებულია და იძულებულები იქნებიან რომ გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას დაემორჩილნონ.