რამდენით დაჯარიმდნენ რუსთაველები [video]

2020-06-05 00:13:20

რუსთავში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, აპრილსა და მაისში, წესების დარღვევისთვის 500-მდე პირი დააჯარიმა. [ვიდეო/video]

სამართალდამცველებმა პირები დააჯარიმეს კომენდატის საათის დროს გადაადგილების, თვითიზოლაციის წესების დარღვევის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავში, აღნიშნული დარღვევების გამო, 2 თვეში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 500 000 ლარს აღწევს. პოლიციამ 500-მდე ფიზიკური პირი დააჯარიმა, თითო 3000 ლარით.

კომერციული საქმიანობისთვის მხოლოდ 1 იურიდიული პირი დააჯარიმეს 15 000 ლარით. აღსანიშნავია რომ პოლიციამ რუსთავში დააკავა 5 პირი.

სულ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382 პირი, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი.

3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი. ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილების გამო - 27 ფიზიკური პირი. იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი. ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).