რუსთავის ყველაზე პრესტიჟული სკოლები

2020-06-09 00:05:04

სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ისვნისის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა რუსთავის რამდენიმე სკოლაში ადგილები 1 წუთში შეივსო.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, სადაც პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ადგილები რამდენიმე წუთში შეივსო.

ახალი სასწავლო წლისათვის რუსთავის N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის სულ 125 ადგილი იყო თავისუფალი. სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის, განცხადებით, მესამე ეტაპისთვის სულ 36 ადგილი იყო თავისუფალი, რაც ნახევარ წუთში მთლიანად შეივსო.

100 პირველკასელის მიღება შეეძლო N7 საჯარო სკოლას. სკოლის დირექტორმა, ლია ჯღარკავამ, "ინფო რუსთავს"განუცხადა, თითქმის 2 წუთში მესამე ეტაპისთვის დარჩენილი 32 ადგილი სრულად შეივსო.

წელს N24 საჯარო სკოლას 100 თავისუფალი ადგილი ჰქონდა. ამ რაოდენობიდან უშუალოდ მესამე ეტაპისთვის რეგისტრაცია 20 ბავშვზე იყო გამოცხადებული. თავისუფალი ადგილები სკოლის დირექტორის, მანანა გოგოლაძის, თქმით რამდენიმე წამში სრულად შეივსო.

100 თავისუფალი ადგილი ჰქოდა N2 საჯარო სკოლასაც. დირექტორის, ლალი ნაზღაიძის, განცხადებით, მესამე ეტაპისთვის სკოლას 30 პირველკლასელის მიღება შეეძლო. მისივე თქმით, ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ წუთში შეივსო.

75 პირველკლასელის მიღება შეეძლო წელს N11 საჯარო სკოლას. დირექტორის, გია შეყილაძის, განცხადებით, მესამე ეტაპისთვის სკოლაში 37 ბავშვის დარეგისტრირება იყო შესაძლებელი და ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან ნახევარ წუთში შეივსო.

75 თავისუფალი ადგილი იყო N28 საჯარო სკოლაშიც, სადაც მესამე ეტაპისთვის 42 პირველკლასელის მიღება შეძლეს. დირექტორის, ნათია ბაზანაშვილის, თქმით, თავისუფალი ადგილები დაახლოებით წუთნახევარში შეივსო.

რუსთავის N21 სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სულ 175 ბავშვი მიღება შეძლეს. მესამე ეტაპისთვის სკოლაში 75 ადგილი იყო თავისუფალი, რაც სკოლის დირექტორის, ნინო გავაშელის, თქმით 10 წუთში სრულიად შეივსო.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაციის ბოლო IV ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.