პლაქვენილი კორონავირუსის წინააღმდეგ

2020-05-30 13:53:42

საქართველოში "პლაქვენილით" ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე  გართულება არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე იმიტომ, რომ დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო, რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“. მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა და „პლაქვენილი“ დღეს კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ „პლაქვენილი“ არის კარგად შესწავლილი პრეპარატი. ეს არ არის ახალი პრეპარატი, უბრალოდ კოვიდის დროს იქნა გამოყენებული. დაკვირვევების და ანალიზის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა სოლიდარობის დიდ კვლევაში „პლაქვენილის“ ჩართვა. დაველოდოთ ბევრ სხვა კვლევას. ამ ეტაპზე საქართველოშიც შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობა ძირითადად ეტიოლოგიური არ იყო, არც ერთ წამალს დღეს არ აქვს კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული ანუ წინა პლანზე არის ტემპერატურის დამწევი საშუალებები, ჟანგბადის მიწოდება, რიგი კვლევები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენეს, სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა და სხვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატი დღემდე გამოიყენება სხვა ქვეყნებში.