COVID-19-ით ოჯახის 7 წევრი დაინფიცირდა

2020-05-30 12:38:30

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

7 ინფიცირებული არის ერთი ოჯახიდან, ისინი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობენ.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია და ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სწორედ ის გახდა. დაინფიცირებულია ქალის მამა, ბებია, მამიდა, ბიძა, და და დისშვილი.

ოჯახის საცხოვრებელ კორპუსში დღეს ეპიდემიოლოგებს კიდევ ერთხელ ელოდებიან. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა კორპუსი კარანტინში მოქცეულიყო.

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, მათ ტესტირება ყველას ჩაუტარდათ, თუმცა ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო”.

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - 24-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და გრძელდება კვლევა, თუ არსებობს ამ წყაროში სხვა ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო. ბინაზე იზოლაციაში იყვნენ, მათ ჰქონდათ საშუალება ბინაზე იზოლაციის“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებს, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაია აცხადებს, რომ “ამაზე არაფერს იტყვის, რადგან კვლევა გრძელდება”.

კორპუსის კარანტინში მოქცევაზე კი ამბობს, რომ “ალბათ, ასე არ არის”.