ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

2020-05-26 16:24:29

საქართველოში ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები გაუქმდება - ამის შესახებ კომპანია „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა.

როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

"ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ზოგადად სექტორზე მოიხსნება შეზღუდვა და ეს არ იქნება მხოლოდ კომპანიების მიხედვით. ანუ ის ობიექტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობას შეძლებენ, მიეცეთ გახსნის საშუალება. ჩვენ 100%-ით ვაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს. პლუს კიდევ დამატებით ღონისძიებებს ვატარებთ. იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება. შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს. მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს. ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია" - აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, „ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.