რუსთავის ქუჩები სახელმწიფო დროშებით მოირთო [photo]

2020-05-26 11:45:51

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, 16:50-ზე მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა და მანვე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

26 მაისის აღსანიშნავად, რუსთავის ქუჩები სახელმწიფო დროშებით მოირთო. რუსთაველების ნაწილმა საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან სახელმწიფო დროშები გადმოფინა. 

დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიულოცა.

"მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

განსაკუთრებით ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მინდა უღრმესი პატივისცემით გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ქედი მოვიხარო მათი სახელების წინაშე. ეს დღე ჩვენია"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ