რუსთავის ბაღებში ცენტრალური გათბობა გაკეთდება

2020-04-24 13:31:26

რუსთავის მერიამ ქალაქის მასშტაბით ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემისა და კარ-ფანჯრების შესაცვლელად ტენდერები გამოაცხადა.

ამ ეტაპზე გათბობის სისტემისთვის ტენდერი 9 ბაღზეა გამოცხადებული.

ესენია: N31, N36, N37, N43, N22, N23, N25, N27 და N33.

საერთო ჯამში ცხრავე ბაღში გათბობის სისტემის მოსაწყობად მუნიციპალიტეტიდან 731 719 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება კარ-ფანჯრებს, მათი შეცვლა ტენდერების მიხედვით ამ ეტაპზე 12 ბაღში იგეგმება.

ბაღების ჩამონათვალი: N20, N22, N25, N31, N32, N33, N43, N11, N17, N18, N23, N37. ამ ბაღების ნაწილში მხოლოდ ფანჯრები შეიცვლება, ნაწილში კი როგორც ფანჯრები, ასევე კარებიც.

ამ სამუშაოებისთვის კი მერიიდან 394 081 ლარია გამოყოფილი.

"ინფო რუსთავი" მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ზაზა ზაზაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გათბობის სისტემების დაყენება სხვა ბაღებშიც იგეგმება.

"ბაღებში დაყენდება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, აგრეთვე რაფები. ამით უფრო ვუზრუნველვყოფთ თბოიზოლაციას.

რაც შეეხება გათბობას, ამ ეტაპზე გამოცხადებულია პირველი ნაწილი, მოწოდებული პროექტების შესაბამისად. ხოლო შემდეგი ნაკადი როგორც კი იქნება მზად გამოცხადდება ტენდერი...

აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს ქვაბების გარე პერიმეტრზე მონტაჟს, რაც გამოწვეული იმ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რაც სოკარგაზმა რეკომენდაციის სახით მოგვცა",- განუცხადა ინფო რუსთავს ზაზა ზაზაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 6 ბაღში გათბობის სისტემების მოწყობის პროექტი მზადდება და ეტაპობრივად ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ცენტრალური გათბობის სისტემა მოეწყობა.