რას ყვება გამოჯანმრთელებული ბავშვის დედა

2020-05-30 00:35:20

რუსთაველ დედას, რომელიც სამი კვირის განმავლობაში კოვიდინფიცირებულ მცირეწლოვანს უვლიდა, დაავადება არ გადასდებია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ესაუბრა იმ ქალს, რომელიც თითქმის სამი კვირის განმავლობაში ერთ პალატაში ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, კლინიკაში ყოფნის დროს კორონავირუსზე ტესტირება დროის გარკვეული ინტერვალებით 4-ჯერ ჩაუტარდა და ოთხივეჯერ პასუხი უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კოვიდინფიცირება არ უდასტურდებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმს, რომელიც მცირეწლოვანს მკურნალობდა.

კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა და თსსუ-ს პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას დაადასტურა, რომ დედისა და ბავშვის კლინიკაში შეყვანის შემდეგ, ორივე მათგანს ტესტირება ჩაუტარდა და დედას ვირუსი არ დაუდასტურდა.

"როდესაც ბავშვი შემოიყვანეს კლინიკაში ბავშვსა და დედას ჩაუტარდა ტესტირება. ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, დედას არა.

ამ ხნის მერე მუდმივად ტარდებოდა დედასთან კვლევები. რამდენჯერმე ჩატარდა PCR კვლევა დინამიკაში, იყო უარყოფითი. შემდგომ ჩავატარეთ სეროლოგიური კვლევა. აკადამკიურობის პრინციპიდან გამომდინარე.

სწრაფი ტესტის სეროლოგია გავაკეთეთ იმიტომ, რომ შეიძლება PCR-მა არ აჩვენოს, რომ გადატანილია ვირუსი, რადგან ეს ტესტი აჩვენებს ახლა აქვს თუ არა ვირუსი.
სეროლოგიას უნდა ეჩვენებინა ჰქონდა თუ არა გადატანილი, თუმცა ესეც აღმოჩნდა უარყოფითი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არც მწვავე ხაზით და არც გადატანილის მარკერები დადებითი არ იყო.

იმ ეტაპზე, როდესაც ბავშვს მწვავე პერიოდის დაავადება ჰქონდა, დედა არ იყო ინფიცირებული.
ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, როდესაც ბავშვებს და მათ შორის დედასაც კონტაქტი ჰქონდათ ოჯახში, დიდი ალბათობით მასაც უნდა გადასდებოდა, მაგრამ იმ საწყისი წყაროდან, ვისგანაც გადაედო ბავშვებს, ფაქტია, რომ დედა არ დაინფიცირებულა.

თუ ამ ჩვენს პაციენტთან კონტაქტით დედას გადაედო, მას დაავადება უნდა გამოვლენოდა ორი კვირის ფარგლებში. ჩვენთან ყოფნის პერიოდში დედას, იმ ხნის განმავლობაში, როცა ბავშვი იწვა, დაავადება კლინიკურად არ გამოვლენია",- განუცხადა "ინფო რუსთავს"  მალვინა ჯავახაძემ.

ბავშვის ინფიცირება ერთ-ერთი ოჯახის წევრისგან მოხდა. მის გარდა კორონავირუსით ამავე ოჯახში 4 ადამიანი იყო ინფიცირებული.

მალვინა ჯავახაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი დედის ინფიცირება ბავშვის კლინიკაში ყოფნის ბოლო დღეებში მოხდებოდა ეს კლინიკიდან გაწერის შემდეგ 2 კვირაში უნდა გამოვლენილიყო, რისთვისაც დედაც და ბავშვიც გაწერის შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

როგორც მცირეწლოვანის დედამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, თვითიზოლაციის პერიოდში მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი და ჩვენება არ გამოვლენია.

მალვინა ჯავახაძის თქმით, კორონავირუსი მაღალკონტაგიოზურია და დიდი ალბათობით, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი აქვს ვირუსი ყველას შეხვდება, რადგან კორონავირუსის დამცავი იმუნიტეტი არავის არაა აქვს. თუმცა არის ძალიან მცირე გამონაკლისებიც, როდესაც ადამიანს ინფიცირებულთა კონტაქტი აქვს, მაგრამ არ ავადდება. რა არის ამის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და ამის გასარკვევად კვლევები მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები