სტომატოლოგიური მომსახურება აღდგა

2020-05-22 09:57:30

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლეს.

კორონოვირუსის გავრელების პრევენციის მიზნით მათთვისაც ახალი წესები შემუშავდა, თუ როგორ უნდა იმუშაონ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეკომდაციების თანახმად, Covid-19-ით ინფიცირების რისკის პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავება დაწესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება. ასევე რეკომენდაციების თანახმად, სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია, დაწესებულებაში იყოს დისტანციური თერმომეტრი, პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი, ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში, ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინის თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის, N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სამედიცინო ნიღაბი, თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე, არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები,  ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი (სამედიცინო ქუდი), ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.

ასევე დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ბახილები, სამედიცინო ნიღაბი, დამცავი სათვალე პაციენტებისთვისაც უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში. ასევე უნდა იყოს საპირფარეშო, ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია, უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია. რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი, სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი.

რაც შეეხება სტერილიზაცია-დეზინფექციას, დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი, სათავსი სასტერილიზაციოსთვის, ავტოკლავი.

რეკომენდაციების თანახმად, გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში, უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი, ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი,  ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში, ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა), ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი. კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული, ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად.

ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.