საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 18 მაისიდან მოიხსნება. კერძოდ:
18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება.
სილამაზის სალონების ფედერაციის განცხადებით, „ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
სილამაზის სალონები მომხმარებლებს წინასწარი ჩაწერით უნდა მოემსახურონ, ცოცხალი რიგი გამორიცხულია და ეს არის მკაცრი რეკომენდაცია. განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ. მისი თქმით, ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი, ხოლო თუ პატარა სალონებში მანძილის შემცირება ვერ ხერხდება, დროებითი შირმის დადგმაა სავალდებულო. ეს ბარიერი დეზინფეციას დაექვემდებარება.
ბექა ფრუიძის განმარტებით, მომხმარებელი სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში პირბადით უნდა მივიდნენ და ეს სავალდებულოა. გარდა ამისა, შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი, სადაც ხელებს შესაბამისი წესით დაიმუშავებენ.
ორშაბათიდან, 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
18 მაისიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება.
18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.
18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება
ორშაბათიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა დასაშვები იქნება.
რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათს, მთავრობის განმარტებით კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება.