ელჩების ერთობლივი განცხადება

2020-05-16 09:39:16

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას. დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი კლავ ყურადღებით დააკვირდებიან 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.

"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

ოქრუაშვილის და უგულავას ციხიდან გათავისუფლებას ასევე სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი გამოეხმაურნენ.

მივესალმებით შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც 8 მარტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მონაწილეობდა.

„ეს ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესი მიღწეულიყო,“- აცხადებენ სენატორები.

მათივე თქმით, „მოუთმელად ელიან“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება, მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედია მფლობელის, რომელიც დეკემბერში ყალბი ბრალდებებით დააკავეს", - ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას“,-ამის შესახებ პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ.

„ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, – წერს ანა ფოტიგა.

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსიც ეხმაურება.

„მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციის ლიდერი შეიწყალა, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი მილოცვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს”, – წერს კუბილიუსი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების აქტი 15 მაისს გამოსცა. ოპოზიციის ლიდერებმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალებიდან რამდენიმე საათში დატოვეს.