შეძლებთ თუ არა 21:00 საათის მერე გარეთ გასვლას

2020-05-16 00:02:01

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე დაკარგავს ძალას. მისივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე ყველა შეზღუდვა ავტომატურად გაუქმდება, მთავრობას კი შემდეგ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის საშუალება ექნება.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ "კომენდანტის საათის" გაგრძელება არაკანონიერი იქნება, იმიტომ რომ გადაადგილების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ მთელი რიგი შეზღუდვები დაკარგავს ძალას. შემდეგ მთავრობას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის საშუალება ექნება. კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ დეკრეტით და არანაირი სხვა აქტით, დეკრეტის გამოცემა კი შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაბამისად "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ ვეღარ გაგრძელდება. ასევე გასათვალისწიენებლია, რომ თუ მთავრობა გასცემს განკარგულებას, შესაძლოა, ის 22 მაისამდეც მოიხსნას“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ, პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, თუმცა მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს დაწესებული შეზღუდვების სრულად და ერთბაშად მოხსნას.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, - აღნიშნა პრემიერმა.