"სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც სკოლაში ყველა შემსვლელს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს",- ამის შესახებ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ განაცხადა.
„სერიოზული მომზადება მოუწევს განათლების სამინისტროს და ჯერჯერობით არ ვარ საქმის კურსში, ამ საკითხებზე მიმდინარეობს თუ არა მუშაობა, მაგრამ ფაქტია - საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გეგმის შემუშავება, რაც ასევე ბიუჯეტს უკავშირდება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებისთვის სკოლები და საბავშვო ბაღები უნდა იყოს აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ჰიგიენის სხვა საშუალებებით; ამასთან ერთად, ვფიქრობ, სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს გამოყოფილი, რომელიც სკოლაში ყველა შემსვლელს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს,
სკოლები და სააღმზრდელო დაწესებულებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სწრაფი ტესტებით, და ასევე ვფიქრობ, ის პედაგოგები, რომლებიც ქრონიკული დაავადების მქონენი არიან და წარმოადგენენ ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფებს, შესაძლებელია, დარჩნენ სახლში და მათ სახლიდან განაგრძონ მუშაობა.
ეს ყველაფერი არის სერიოზული სამუშაო და მადლობის მეტი, რა მეთქმის საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად, განათლების სამინისტროს მიმართ - უზარმაზარი მუშაობა გაწიეს, თუნდაც იმ მხრივ, რომ ხელფასები პედაგოგებს შეუფერხებლად მიეცემათ, მაგრამ სექტემბრიდან კიდევ უფრო სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ ყველაფერზე“,- აცხადებს მაია კობაიძე
პრემიერ მინისტრის განცხადებით სკოლებში სწავლა სექტემბერში დაიწყება.
"ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება",- განაცხადა გახარიამ.