დაავადებათა კონტროლის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით პლაზმით მკურნალობა უნდა მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტებში დიდი დაკვირვების შემდეგ.
"პლაზმით მკურნლობის პრინციპი არახალია მედიცინაში. ის სხვადასხვა დაავადების დროს არის გამოყენებული. იგივე ცნობილი ებოლას ეპიდემიის დროს. ებოლა გადატანილი ადმიანების სისხლის პლაზმა აფრიკაში გამოიყენებოდა ებოლას მწვავე ფორმით დაავადებული ადამიანის მკურნალობისთვის...
ეს პრინციპი გამოიყენეს ჩინეთშიც, რადგან ჩინეთში იყო პირველი დიდი ეპიდაფეთქება COVID19-ისა და იქ წარმატებით იქნა გამოყენებული მთელ რიგ შემთხვევებში იმ ადამიანების პლაზმა, ვინც დაავადება გადაიტანა და მორჩა.
მაგრამ იქ არის პირობა, რომ იმუნოგლობულინ G-ის ანტისხეულები უნდა იყოს მაღალ ტიტრში, რომ მან მოახდინოს ე.წ მანეიტრალიზებელი ეფექტი იმ ადამიანში ვისაც აქვს კოვიდ ინფექცია, როცა მას პლაზმას გადაუსხავ.
ეს არ არის ფართოდ გამოყენებადი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ასეულ და ათასეულ ავადმყოფზე, თუ ამდენი გეყოლათ.
ეს არის მთელი რიგ შემთხვევებში და მას აქვს ჩვენებები მძიმე ავადმყოფებში, როდის უნდა გამოიყენო ე.წ რეკონვალოსენტის პლაზმა და მე როგორ ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი მუშავდება. დამუშავებულია ბატონი თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, უკვე ერთ ავადმყოფზე ეს წარმატებით არის ჩატარებული.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შესაძლოა პროტოკოლში შევიდეს და ალბათ უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, სხვა მეთოდებთან ერთად, როგორც COVID19-ის სამკურნალოდ.
მაგრამ მას ვერ ექნება ფართო მასშტაბიანი გამოყენება, იმიტომ რომ რესურსები შეზღუდულია"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.