10 ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში [photo]

2020-05-11 15:14:44

რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, 10 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

ქალაქში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ კოსტავას გამზირზე, ლეონიძის, დუმბაძისა და წერეთლის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

"ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ქალაქი იღებს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. დაახლოებით 10 პროექტზეა საუბარი და მათი ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტების მიმდინარეობისას შეფერხებები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით უამინდობებს რა პერიოდშიც კომპანიას აქვს უფლებამოსილება, რომ რაღაც გარკვეული ვადით გადაავადოს სამუშაოები. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან და არსებული გამოწვევიდან გამომდინარე სხვა შეფერხებები არ გვქონია", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის თქმით, 2020 წელს მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

"როგორც მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. დაახლოებით 46 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტებია ამ ეტაპზე და შემდეგ წლის მანძილზე კიდევ უფრო მეტი პროექტი იქნება შემომატებული და საბოლოო თანხა შემდეგ განისაზღვრება. დავათვალიერეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები. ვნახეთ კოსტავას გამზირი, სადაც სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება და ქალაქი მიიღებს ერთ-ერთ ულამაზეს კულტურისსა და დასვენების პარკს, ასევე ლეონიძის ქუჩაზე ოთხ ჰექტარზე მიდის სრული რეაბილიტაცია კულტურისა და დასვენების მრავალფუნქციური პარკის ძალიან მიმზიდველი ძალიან კარგი და ხაეისხიანი პროექტი გამოვა", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წელს რუსთავში დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.