რუსთავში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვების მოხსნა და ბლოკ-პოსტების გაუქმება, დამოკიდებულია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეპიდსიტუაციის შემდგომ განვითარებაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
"რუსთავში ბლოკპოსტების მოხსნა და ქალაქის გახსნა, გარკვეულწილად მაინც დამოკიდებული იქნება მეზობელ მუნიციპალიტეტებში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, კვირის ბოლო არის ის დრო, როდესაც ბლოკპოსტების მოხსნის საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა 4 მაისის მთავრობის სხდომაზე, უახლოეს პერიოდში თბილისის და რუსთავის გახსნა დაანონსა.
"თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება ბათუმსა და ქუთაისს, აღნიშნულ ქალაქებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 5 მაისიდან მოიხსნება.