როდის გაიხსნება რუსთავის აგრარული ბაზარი

2020-04-30 17:37:21

რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად იმსჯელეს. [ვიდეო/video]

ბაზრის ადმინისტრაციას მიეცა რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ღია ტიპის ბაზრის გახსნამდე. თუ ყველა ღონისძიებების გატარება დღეს საღამომდე მოხერხდა ბაზარი ხვალიდან ფუნქციონირებას განაგრძობს.

"ჩვენ მივეცით ადმინისტრაციას მითითებები ბაზრის მოწესრიგებაზე, თუ ეს ყველაფერი მოესწრება ხვალისთვის მაშინ გაიხსნება ბაზარი, თუ სრულად არ შესრულდა დავალებები, რეკომენდაციები და მითითებები რაც არის დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭირო ჩვენ ამ რისკზე ვერ წავალთ და ვერ გავხსნით, ეს არის სრულად ბაზრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. დღის ბოლომდე ისევ მოვალთ ვნახავთ რა შეიცვალა", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

"რუსთავი ძალიან დიდი ქალაქია და გვსურს მოსახლეობას შეუმსუბუქდეს როგორც შეძენა პროდუქტების ასევე რეალიზება. მნიშვნელოვანია ღია ბაზრის გახასნა, ჩვენ მივუთითეთ დირექციას იმ სტანდარტებზე, რისი დაცვაც აუცილებელია. რეალურად ეს ყველაფერი დღის ბოლომდე შესაძლებელია მოწესრიგდეს, დღეს საღამოს შევამოწმებთ ბაზრობას და შემდეგ გადავწყვეტთ ხვალ გავხსნათ თუ არა. მთავარია დაცული იყოს სოციალური დისტანცია და რეკომენდაციები", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

"ტექნიკური დეტალები მოწესრიგდება და ბაზარი გაიხსნება, რეკომენდაციები უნდა დაიცვან როგორც მოვაჭრეებმა ისე მყიდველებმა. მთავარია ის, რომ შეძლონ ყველა რეკომენდაციის და მითითების დაცვა, რათა პრობლემა არ წარმოიქნას და ბაზრის დახურვა არ გახდეს ისევ საჭირო", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით დისტრიბუტორებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ გადაადგილების მარნეულსა თუ ბოლნისში, მათ ასევე ჩვეულებრივად შეუძლიათ პროდუქტების სხვადასხვა კუთხიდან გადმოტანა და ჩაბარება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 50-მდე მოვაჭრემ ბაზრის ტერიტორიაზე აქცია გამართა.