რუსთავი ისევ იკეტება

2020-04-28 12:09:55

28 აპრილს, ზუსტად 21:00 საათზე რუსთავი ისევ ჩაიკეტება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა აიკრძალება.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, აღნიშნულ ქალქებში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს 21:00 საათამდე რუსთავში შესვლა და ქალაქიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის არის შესაძლებელი, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

მთავრობის დადგენილებით, შეზღუდვების პირველი ეტაპი, რაც ქალაქებში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას გულისხმობს, გუშინ, 27 აპრილს ამოქმედდა. ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი, მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებს გადაადგილება მხოლოდ დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე შეეძლებათ.

შეგახსენებთ რომ შეზღუდვები არ ეხებათ:

1. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

2. საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს.

3. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.

4. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.

5. ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობების ინკასაციას.

6. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდების მიზნით გადაადგილებას.

7. ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.

8. სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან.

9. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას.

10. სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას - მიცვალებულის გადასვენებას ან დაკრძალვას.

11. ჰუმანიტარული მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას.

12. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.

13. იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს.

14. ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.