გაიხსნება თუ არა ღია ტიპის ბაზრები რუსთავში

2020-04-28 10:28:36

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ღია ტიპის აგრარული ბაზი გაიხსნა. ერთ-ერთი ქალაქი სადაც ბაზარი არ გაიხსნა რუსთავია. ქალაქში არსებული ე.წ სტამულის ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ღია ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს რის შემდეგაც სავარაუდოდ ღია ტიპის ბაზარი სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას.

ღია ტიპის აგრარული ბაზარი არ გახსნილა არც ძველ რუსთავში. ბაზრის დირექტორის, გოჩა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მას ბაზრის გახსნის შესაძლებლობას არ აძლებენ. მისივე თქმით, ბაზარი ყველანაირ პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა ბაზარში სურსათის უვნებლობის სამსახურიდან არავინ მისულა. გოჩა ხუციშვილი აცხადებს რომ ბაზრის არ გახსნის გამო მოვაჭრეები პროტესტს გამოთქვამენ და ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. ბაზრის დირექტორი სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

27 აპრილს რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ თელავის ცენტრალური ბაზარი დაიკეტა. მიზეზი მუშაობის თვითნებურად განახლება და ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის მსგავსად ღია ტიპის ბაზარი არ გახსნილა არც ახალციხის მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.