დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა 50-მდე რუსი ბაიკერი საზღვარზე არ შემოუშვეს. ფეისბუქმომხმარებელი კობა ნაროუშვილი კი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს, რომელზეც ბაიკერი არაყიშვილის ქუჩაზეა დაფიქსირებული. ვარაუდობენ, რომ ბაიკერი სწორედ „ღამის მგლების“ წევრია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
„გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. „ღამის მგლების“ 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.
ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, „ღამის მგლების“ ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის.
შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის ინციდენტს.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.