ცერცვაძისა და რატიანის პასუხი ზურაბ გურულს

2020-04-21 14:56:27

თენგიზ ცერცვაძე და ლევან რატიანი ამერიკაში მოღვაწე მედიკოსის ზურაბ გურულის ფეისბუქ გვერდზე დაწერილ პოსტს გამოეხმაურნენ.

17 აპრილს, ზურაბ გურულმა სოციალური ქსელის პირადი გვერდით თბილისელ კოლეგებ მიმართა და  COVID19-ით ინფიცირებულთათვის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოში უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

მის ამ პოსტს გამოეხმაურა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გურულის პოსტი შეიცავდა ფაქტობრივ ტყუილებს.

"ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ: ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.",- წერია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს, ის ყველას მოუწოდებს, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა ერთად უნდა გადავრჩეთ.

"მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლე ენიანებსა და გრძელ ენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ. არ არის, არავითარ შემთხვევაში, ქილიკის დრო, იმიტომ, რომ ორივე მხარზე, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, გვაზის უხილავი მტერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემა უნდა, რჩევის დარიგება და ასე შემდეგ, დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა და სივრცე, შეუძლია მობრძანდნე და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ...

რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, ტვინს მოუხმონ, ბრჭყალებში, თუ რამე კეთილი სურვილი და ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ, ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ.ძაან ძნელია ოთახში გამოკეტილები, როცა გვლანძღავენ და გვაქილიკებენ ამ სასიკვილოში შემსვლელებს",- განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები