რა შემთხვევაში ჯარიმდებიან ველოსიპედისტები

2020-04-26 13:35:02

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით ავტომობილთა გადაადგილება აიკრძალა, ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ველოსიპედთა რიცხვი რომ გაიზარდა, ეს რუსთავშიც კარგად შეიმჩნევა.

საინტერესოა, რა წესები უნდა დავიცვათ ველოსიპედით გადაადგილებისას და რა შემთხვევაში შეიძლება დაგვაჯარიმონ, ასევე რამდენით განისაზღვრება ჯარიმის თანხა.

საქართველოს კანონში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, 43 მუხლში წერია, რომ:

ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკისა და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება. ველოსიპედის, მოპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.

ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.

ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ, სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.

გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.

ამ და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 43  მუხლით განსაზღვრული სხვა წესების დარღვევის შემდეგ პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსის 107 კვარტა მუხლით დაჯარიმდება.

პირველი ნაწილის მიხედვით დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
მეორე ნაწილის მიხედვით კი, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები