იცავენ თუ არა რეკომენდაციებს აზოტის საწარმოში [photo]

2020-04-18 20:18:59

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავის Facebook გვერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, ასახულია, რომ რუსთავის აზოტის თანამშრომლების ავტობუსით სამსახურში გადაყვანა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხევით არ ხდება.

აღნიშნულ ფოტოებთან დაკავშირებით ინფო რუსთავი "რუსთავის აზოტის" დირექტორს, ლევან ბურდილაძეს, დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ჩვენ თავიდანვე დავიჭირეთ თადარიგი და მივიღეთ შესაბამისი ზომები. მე ფოტო არ მინახავს. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს, რომ ქვეყანაში არსებულ საფრთხეს გავუმკლავდეთ.
ქვეყანაში არსებული რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს ყოველდღე. ჩვენც, ბუნებრივია, რაღაცა პერიოდი დაგვჭირდება, რომ გადავეწყოთ და შესაბამისად უფრო გამკაცრებულ რეგულაციებს მოვერგოთ.
დღეისათვის პრობლემა ავტობუსებთან დაკავშირებით და ადამიანების განთავსებასთან ისე, რომ დისტანცია იყოს დაცული, პრობლემა არ არსებობს. ეკონომიკის სამინისტროც იყო ჩვენთან შემოწმებაზე. ნახეს და პატარ-პატარა რეკომენდაციებიც მოგვცეს"
,- ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა ლევან ბურდილაძემ.

საწარმოს დირექტორის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე ახალი დაწყებული იყო, საწარმოდან დაითხოვეს ორსულები და ხანდაზმულები, რომელთაც ხელფასი სრულად შეუნარჩუნდათ. მისივე თქმით, სისტემატიურად ხდება იმ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია, რომლითაც საწარმო თანამშრომლებს ემსახურება. დეზინფექცია უტარდებათ საამქროებსა და ადმინისტრაციულ შენობებსაც. თერმოსკრინინგი უტარდება საწარმოში მისულ ყოველი ცვლის თანამშრომელს.

ფოტოებთან დაკავშირებით კომენტარი ინფო რუსთავთან ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმაც გააკეთა.

"დღეს ძალიან მკაცრად გადაწყვიტა აზოტმა, რომ ეს დარღვევები აღმოფხვრილიყო. არ მინდა რაღაცები დავაანონსო, მაგრამ პასუხისმგებელმა პირებმა ტრანსპორტირების მიმართულებით მკაცრად აგეს პასუხი და ეს ფაქტი არის დაუშვებელი",- ასე უპასუხა ინფო რუსთავის კითხვას შოთა რეხვიაშვილმა, რომელიც აზოტის თანამშრომლების ავტობუსით გადაყვანის დროს რეკომენდაციების დარღვევას ეხებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები