რუსთავის ზოგიერთ ტაძარში სააღდგომო ღამისთევა არ ჩატარდება და ლიტურგია აღდგომის დღეს, კვირას, დილის საათებში აღევლინება.
“ინფო რუსთავის” ინფრომაციით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო რუსთავის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა შალვაშვილმა. სასულიერო პირი განმარტავს, რომ მრევლისთვის გადაადგილება დროის ამ მონაკვეთში გაცილებით უფრო მარტივი იქნება.
სააღდგომო ღამისთევა არ ჩატარდება არც წმ. იოაკიმის და ანნას სახელობის სამლოცველოში, სადაც დეკანოზი ანდრია აბაშიძეა წინამძღვარი. სააღდგომო ლიტანობა და წირვა სამლოცველოში ასევე დილის საათებში დაიწყება.
ღამისთევა არ იქნება არც რუსთავის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას მრევლი ვერ შეძლებს მცირე ზომის ტაძრებში. მცირე ზომის ტაძრების შემთხვევაში, მორწმუნეებს ეზოებში, მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციით მოუწევთ გადანაწილება.
ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ღმისთევას ეზოდან დაესწრება რუსთავის ხარების ეკლესიის მრევლი, ამის შესახებ “ინფო რუსთავს” ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა განუცხადა. ეზოში ყოფნა მოუწევთ რუსთავის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მისულ ადამიანებსაც. ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ პაატა თავართქილაძის ინფორმაციით, მათ, ვისთვისაც გარეთ ღამის გათენება განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება, სასულიერო პირები ტაძარში შეიყვანენ.
ეკლესიაში ყოფნას შეძლებენ რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მისული ადამიანები. როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, ტაძარში დისტანციის დაცვით დაახლოებით 40-50 ადამიანი ეტევა და ღამისთევაზე დასწრების უფლებაც მხოლოდ ამ რაოდენობის მორწმუნეებს მიეცემათ.
რაც შეეხება რუსთავის სიონის ტაძარს, საკმაოდ ვრცელი განცხადება გავრცელდა ტაძრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამისთევა ჩატარდება, გარკვეული წესების დაცვით.
“ღამისთევაზე მომსვლელები უნდა მოხვიდეთ შაბათს 21:00 საათამდე და წასვლა შეგეძლებათ კვირას დილით 06:00 საათის შემდეგ. 21:00საათის შემდეგ ჩვენი ეზოს ჭიშკრები ჩაიკეტება და ვეღარავინ ვეღარ გავა და ვეღარ შემოვა. ეზოს გარეთ იმორიგევებს პატრული და თქვენს მიერ კომენდატის საათის დარღვევის შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის ჯარიმას (3000 ლარი).
ტაძარშიც და გარეთაც უნდა დადგეთ საგანგებოდ მონიშნულ ადგილებზე. ტაძარში (გათვალისწინებული რეკომენდაციების შესაბამისად) ეტევა 40 ადამიანი. თუ ამინდი იქნება ცუდი გთხოვთ რომ პერიოდულად შიგნით მყოფებმა გარეთმყოფები ჩაანაცვლოთ”, - ნათქვამია განცხადებაში.