მთავრობის გადაწყვეტილება

2020-04-15 21:51:32

"მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეკლესიები არ დაიხუროს, პატარა ტაძრებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და ჩვენს პატრიარქთან. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპატრიარქოსთან, ანდრეა ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ: - გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ყველა ის მითითება, რაც ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომო მსახურების დროს, მრევლი ტაძარში მივიდეს ცხრა საათამდე და გამოვიდეს დილის ექვს საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს ჩვენ. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს. ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკჯგუფში შედის. იქნება ეს დაავადების თუ რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს. ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორიც მითითებული არის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, ზედმიწევნით გაითვალისწინონ.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები