სამსახურის გარეშე დარჩენილი რუსთაველები

2020-04-13 16:13:33

ადამიანების “ბრძოლა არსებობისთვის” ახლა გლობალურმა, “უხილავ მტერთან” ბრძოლამ ჩაანაცვლა. მათ, ვისაც წლებია არ შეუწყვიტავთ შრომა, ახლა სამსახურების დატოვება და დროებით სახლში დარჩენა მოუწიათ. სამწუხაროდ, არავინ იცის, მაინც რამდენ ხანს გულისხმობს სიტყვა “დროებით”.

ნათია მათიაშვილი 28 წლის მარტოხელა დედაა და ის ერთ-ერთია იმ ასობით რუსთაველიდან, რომელიც შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და უკანასკნელ მარაგს ითვლის. ნათია 3 წლის შვილს დამოუკიდებლად ზრდის და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ის სამუშაო ადგილი იყო, რომელიც გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაიხურა. ახლა მას ერთადერთი იმედი აქვს, რომ ვირუსი მანამ ჩაივლის, სანამ უკანასკნელი მარაგი ამოეწურება და ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც მალე დაუბრუნდება. როგორც ახალგაზრდა დედა “ინფო რუსთავს” უყვება, თუ მუშაობის დაწყებას მალე ვერ შეძლებს, სახელმწიფოს დახმარების გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობის გაგრძელება უკიდურესად გაუჭირდება, როგორც მას, ისე სამსახურის გარეშე დარჩენილი რუსთაველების დიდ ნაწილს.

პანდემიამ დასაქმებულთა ბედი როგორც რუსთავში, ისე მთელს საქართველოში, რამდენიმე მიმართულებით განსაზღვრა.

1. დასაქმებულები, რომელთაც შეზღუდვები არ შეხებიათ.

2. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ანაზღაურებაც შეუნარჩუნდათ.

3. დასაქმებულები, რომლებიც დროებით არ მუშაობენ, თუმცა მათი დასვენება ანაზღაურებადია.

4. დასაქმებულები, რომლებმაც სამსახურები დროებით დატოვეს და ანაზღაურებასაც არ უხდიან.

თავის მხრივ, შექმნილ ეკონომიკურ სირთულეებზე საუბრობენ სწორედ ის რუსთაველი დამსაქმებლებიც, რომელთაც ანაზღაურების გადახდა თანამშრომლებისთვის არ შეუძლიათ.

ანა შიხიაშვილი რუსთავში არსებული ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონეა. მან ოფიციალურად მიიღო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სალონს ფუნქციონირება შეეწყვიტა. სამუშაოს გარეშე დარჩა მასთან დასაქმებული ათამდე ადამიანი.

“სალონი ახალი გახსნილი მაქვს, ვირუსის გამო ყველა სილამაზის სალონი დაიკეტა, მათ შორის ჩვენიც, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ განსაკუთრებით დიდი ზარალი გვადგება. ახალი გახსნილი ვართ და სულ ინვესტიციას ვდებთ, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ  სიახლეები, ამიტომაც, სტარტის დროს განსაკუთრებით უკან დამხევი ფაქტორია მუშაობის შეჩერება. რაც ყველაზე სამწუხაროა, 10-მდე თანამშრომელი დამრჩა შემოსავლის გარეშე, სალონში ყველა გამომუშავებაზე ვმუშაობდით”, - აცხადებს ანა შიხიაშვილი.