სოლიდარობის ფონდმა PL, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ფონდის დირექტორი იუსტინა კუცუკი და კომუნიკაციების მენეჯერი ეკატერინე ცვარიანი ესწრებოდნენ. სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო. აღსანიშნავია, რომ პოლონური მხარე ამ დრომდეც სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან.
სახელმწიფო რწმუნებულმა პოლონურ მხარეს ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და გლობალური გამოწვევის ფონზე მათი მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.