ვრცელდება თუ არა კორონავირუსი 5G ინტერნეტით

2020-04-11 11:18:57

"მობილურის 5G ინტერნეტი კორონავირუსის გავრცელებას არ იწვევს", -ასე ეხმაურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მითს, რომელიც ინტერნეტით კორონავირუსის გავრცელების თეორიასთან იყო კავშირში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელებით და ახალი კორონავირუსი ვრცელდება ბევრ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ 5G მობილური ქსელი.

"COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით. 5G, ანუ მე-5 თაობა, არის მობილური ტელეფონების უახლესი უსადენო ტექნოლოგია, რომელიც ფართოდ 2019 წელს გავრცელდა", - ნათქვამია განცხადებაში.

5G-სთან დაკავშირებით ჯანმო აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა. „იმ პირობით, რომ მთლიანი ზემოქმედება საერთაშორისო გაიდლაინებს არ გასცდება, არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საზიანო შედეგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის,“ – აცხადებს ჯანმო.
ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.