ამერიკის The Mount Sinai-ის საავადმყოფოში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს იძლევა.
მისი თქმით, მუცელზე ძილი წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
მიმართავს ხალსხ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღონ ის წამლები, რომელთა კომბინაციასაც ბევრ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულებზე იყენებენ. ასევე თავის კოლეგებს და სთხოვს, რომ პაციენტებს ეს წამალი არ გამოუწერონ.
რჩევები ქართველი ექიმისგან:
1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ ელექტროლიტური. ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ სადაც სხვები სეირნობენ).
6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.
7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს ყველგან. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია როგორღაც უზრუნველყოთ.
8. სასურველია შეიძინოთ პულსოქიმეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. ასევე იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსოქსიმეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ დაგაწყვეტილებას.
8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.
9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.
10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.
12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. ბევრ წყაროზე დამოკიდებულება შეცდომების ალბათობას ზრდის.
13. ნუ დაეყრდნობით არაოფიციალურ წყაროებს. ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებითაც კი.
14. არავითარი სპორტი და დიეტები ავადობის დროს. სხეულის გალამაზებას დაავადების გადავლის შემდეგაც მოასწრებთ.
15. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ავადობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ასევე აუცილებელია კარანტინის პირობების დაცვა სიმპტომების გაქრობის შემდგომ პერიოდში.
16. და ისევ, ნუ მკურნალობთ თვითნებურად მედიკამენტებით. ეს სიცოცხლისთვის საშიშია!!!