დახმარება კიდევ 300 ოჯახმა მიიღო

2020-04-04 17:46:52

გრძელდება რუსთავის მოსახლეობის დახმარების კამპანია, რომელიც მოხალისეების მეშვეობით, რუსთაველებისთვის პროდუქტის და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების მიტანას გულისხმობს. ბენეფიციართა შერჩევა, არა მარტო სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბაზიდან, არამედ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვითაც ხდება. მერიის დახმარებას დღეს 300 ოჯახი მიიღებს. ცხელ ხაზზე შემოსული ზარების  და მოხალისეების დახმარებით მოსახლეობასთან კომუნიკაცია რუსთავის მერიამ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. დღემდე მუნიციპალიტეტისგან სასურსათო პაკეტი, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახების ჩათვლით, 4 ათასზე მეტ ბენეფიციარს  აქვს მიღებული.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია თითოეულ რუსთაველამდე მივიდეს, დღეიდან დამატებით ავამოქმედეთ კიდევ ხუთი ნომერი ცხელ ხაზზე, აქამდე ცხელი ხაზის სამი ოპერატორის მეშვეობით ხდებოდა მოსახლეობის ზარების მიღება, დღეიდან მათ უკვე რვა სხვადასხვა ნომერზე შეუძლიათ დარეკონ. ამ გზით გვინდა, რომ რუსთაველებს ჩვენთან კომუნიკაცია გავუმარტივოთ და დისტანციური ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ. ვაგრძელებთ სურსათით დახმარების კამპანიასაც და დღეს მოხალისეები 300 რუსთაველ ოჯახს მიუტანენ სასურსათო პაკეტს. მინდა, რომ რუსთაველებმა იცოდნენ, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მთავარია, მათ დაიცვან რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და ეს იქნება მათი მხრიდან საქართველოსთვის და რუსთავისთვის გაწეული დახმარება. რაც შეეხება ვირუსის შემთხვევებს რუსთავში,  ამ მხრივაც მინდა, რომ იყვნენ მშვიდად, რადგან თითოეული შემთხვევა მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული. ცხელების ცენტრში, სულ 13 ადამინია მოთავსებული, აქედან 9 გუშინ ღამით  შეიყვანეს ვარშავის რეისიდან, 4 მოქალაქე, კი წინა დღეებში იყო თვთდინებით შესული.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს