იმყოფებოდა თუ არა დაინფიცირებული დეპუტატი ტაძარში

2020-04-03 15:54:59

რუსთავის ხარების ეკლესია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, იმის შესახებ, დაესწრო თუ არა რუსთაველი დეპუტატი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტაძარში წირვა-ლოცვას.

ტაძრის განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატი ამ კვირას ტაძარში არ იმყოფებოდა და რამდენიმე კვირაა ზიარებაც არ მიუღია.

"ჟურნალისტებისა და დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

რუსთავში გამოვლენილი დაინფიცირებულ „საჯარო მოხელე მამაკაცი“ ( ასე იხსენებენ ტელევიზიები) არის ჩვენი ტაძრის მრევლი. იგი წინა კვირას არ ესწრებოდა წირვას, არც ტაძარში მოსულა. ამდენად, ჩვენ მრევლს ტაძარში, არც ტაძრის ეზოში, მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. რადგან აღნიშული პიროვნება ტაძარში არ მოსულა, ცხადია, არც წმინდა ზიარება მიუღია. არ ზიარებულა იგი წინა რამდენიმე კვირის განმავლობაშიც.
თხოვნა გვექნება, ამასთან დაკავშირებით მოგონილ ამბებს ნუ გაავრცელებთ და ნურაფერს მოიგონებთ!

ღვთისმსახურება ჩვენს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით მიმდინარეობს. მრევლი ეზოში დგას და ისმენს ლოცვას. დაცულია მანძილი ადამიანებს შორის,გახმოვანებულია ტაძრის ეზო", - ნათქვამია ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები