“არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის”

2020-04-03 10:24:55

მას შემდეგ, რაც რუსთავის საკრებულოს წევრს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, როგორც დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ასევე თვითიზოლაციაშია საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანიც.

"ინფო რუსთავმა" ონიანთან ინტერვიუ ჩაწერა და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, დეპუტატთან, რომელიც ახლა კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობას გადის, უშუალო კონტაქტი 1 კვირის წინ, 27 მარტს ჰქონდა. 

- თუ გქონდათ ბოლოს გამართული საკრებულოს სხდომის შემდეგ კონტაქტი დეპუტატთან?

ბოლო საკრებულოს სხდომა მე არ ჩამიტარებია, ჩემმა მოადგილემ ჩაატარა, იმიტომ, რომ ვერ ვახერხებდი გარკვეული მიზეზების გამო. მე მოგვიანებით შევუერთდი და გვქონდა უმრავლესობის თათბირი. როგორც კი დასრულდა საკრებულო, 10 წუთიანი სხდომა ჩავატარეთ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და დავიშალეთ. მას შემდეგ ამ დეპუტატთან ფიზიკური შეხება არ მქონია. 

- ეს დაახლოებით რამდენი ხნის წინ მოხდა?

პარასკევს, 27 მარტს.

- შემდეგ რა მოხდა, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?

მე როგორც ვიცი, შემდგომ ამისა მისცა სიცხე, დაუკავშირდა სასწრაფოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ დედამისი გადაიყვანეს, ეჭვის ნიადაგზე მოხდა მისი გადაყვანაც. როგორც კი დედამისს დაუდასტურდა, მას შემდეგ თვითიზოლაცია ჰქონდა და რადგანაც სიმპტომები უკვე აღენიშნებოდა, აქედან გამომდინარე ჩაუტარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ უფიქსირდება ინფიცირება.

- საკრებულოს რამდენი წევრი და თანამშრომელია თვითიზოლაციაში?

ყველა ის წევრი, ვინც საკრებულოს სხდომას ესწრებოდა და რამდენიმე აპარატის თანამშრომელი, ვინც ტექნიკურად ემსახურებოდა უშუალოდ სხდომას.

- დისტანციურ ფორმატში ხომ არ ჩაინიშნება სხდომები?

ახალი ამბავია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჩვენი კოლეგის მამასაც და დედასაც დაუდასტურდა და სხდომაზე ფიქრი ჯერ არ ყოფილა, თუმცა არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ რუსთავი დიდი გამოწვევების წინაშე დაგს სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, პანდემიის ფონზე, ბევრი ადამიანი დარჩა ლუკმა-პურის გარეშე. საკმაოდ დიდი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მხრიდან, 2 მილიარდ ლარზეა საუბარი, რომელიც ხალხის სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული, შესაბამისად ეს რუსთავსაც ეხება. თუ იქნება საჭიროება, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ უზრუნველვყოთ დისტანციური ფორმატი. 

- თავს როგორ გრძნობთ?

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. 

- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ გრძნობენ თავს საკრებულოს სხვა წევრები?

რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია. იმის გარდა, რომ ჩვენ ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ასევე გვეკონტაქტება სპეციალურად ექიმი. მაგალითად, დღეს დაახლოებით 7-ჯერ დამირეკა და ვიცი, რომ სხვებსაც ასევე. გვეკითხება როგორ ვართ მორალურად თუ ფიზიკურად. არავის არანაირი სიმპტომი არ აქვს საერთოდ. საქმეს ძალიან პროფესიონალურად უდგებიან, არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით, მორალური გამხნევებითა და თანადგომით. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ამ მხარდაჭერისთვის.