პოლიციამ რუსთაველები დააჯარიმა [video]

2020-04-03 00:17:05

რუსთავში, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 70-მდე პირი დააჯარიმეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ 2 პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა. დაჯარიმებულებს შორის არიან მძღოლები რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ წესებს არ ითვალისწინებენ. ყველაზე ხშირი კანონდარღვევა იყო ავტომობილში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა და მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა. ასევე დაჯარიმდნენ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისთვის. თითოეულს 3000-3000 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოეწერათ. ჯამში მხოლოდ 2 დღეში რუსთავის ავტობანზე (ქალაქის შემოსასვლელში) და რუსთავში მოქალაქეები 200 000 ლარამდე დაჯარიმდნენ.

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.