რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში საკონტრლო პუნქტები მოეწყობა, რომელის მიზანიც ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლი და მოქალაქეთა თერმოსკრინინგი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს პარალელურად შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი და ის 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბი სრულ კოორდინაციას გაუწევს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც უწყებათა შორის საბჭოს ფარგლებში იქნება მიღებული.
პრემიერის ინფორმაციით, შტაბები შეიქმნება ყველა რეგიონში.
სავარაუდოდ, შტაბი იფუნქციონირებს რუსთავშიც. შტაბის ხელმძღვანელები რეგიონში უწყებათა შორის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას უზრუნველყოფენ. ასევე მოემსახურებიან და კორდინაციას გაუწევენ იმ საწარმოებს, რომლებიც საგანგებო ვითარებაშიც გააგრძელებენ მუშაობას.