შემოსასვლელში წარწერა "რუსთავი" აღარ განთავსდება

2020-06-08 00:41:10

რუსთავის შემოსასვლელში წარწერა "რუსთავი" აღარ განთავსდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემა Free Live-ში ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

ტაბაღუას თქმით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას მოხმარდება.

"შემოსასვლელში წარწერა რუსთავის განთავსებაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩავარდა. არ შედგა, იმიტომ, რომ იყო გარკვეული ხარვეზები. მეორე ტენდერზეც პრეტენდენტმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და მიეცა დისკვალიფიკაცია. ეს იყო ცენტრალური ბიუჯეტის თანხა და შევთავაზეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავაკეთოთ საწარმოო ზონაში გზა, რომლის დაექსპერტებული პროექტიც შარშან ბიზნესმა თავისი ინიციატივითა და ხარჯებით, ასევე ჩვენთან თანამშრომლობით იყიდა. მე ვფიქრობ, რომ სამინისტროსგან აღნიშნულ პროექტზე იქნება თანხმობა", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

კითხვაზე, ხომ არ მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით რუსთაველების დიდი ნაწილის პრეტენზიების გათვალისწინება, ტაბაღუა პასუხობს, რომ მიზეზი მხოლოდდამხოლოდ ჩავარდნილი ტენდერები გახდა.

"უკვე 2 ტენდერი ჩავარდა და ეს ფული გაჩერებულია რამდენი თვეა. არ გვაქვს გარანტია, რომ მესამე გამოცხადებული ტენდერი მოიტანს შედეგს. თუ ვერ მოხდა სატენდერო პირობების დაკმაყოფილება, გვირჩევნია, საგზაო სამუშაოების წარმოება, რადგან ამ ტიპის პროექტებზე მოთხოვნა უფრო დიდია. რისკი იმისა, რომ ტენდერი ჩავარდეს და ვინმემ ვერ დააკმაყოფილოს მოთხოვნები, ნაკლებია, შესაბამისად, რაციონალურად გადანაწილდა ეს ბიუჯეტი ამ მიმართულებით", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

საუბარია მშვიდობის ქუჩიდან საწარმო ზონამდე ამავალ გზის მონაკვეთზე, რომელიც ასევე უკავშირდება სამგორის ქუჩასაც.

"გვინდა ინტერნატების დასახლება განვტვირთოთ და სატვირთო მანქანებმა ამ საწარმოო გზით ისარგებლონ", - განაცხადა რუსთავის მერმა.

შეგახსენებთ, შემოსასვლელში წარწერა "რუსთავის" მოსაწყობად 909 548 ლარი იყო გამოყოფილი.