რუსთავში 20-მდე პირი დაჯარიმდა [video]

2020-03-31 00:19:31

რუსთავში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 20-მდე ფიზიკური პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა, აქედან 15-მდე ბიზნესოპერატორია. საჯარიმო სანქცია დაეკისრა 4 პირს საჯარო სივრცეში შეკრებისთვის, დაჯარიმდა ასევე 1 მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.
[video/ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის

• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;

• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;

• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;

• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე

• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე.

მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.

13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.