რუსთავში აბონენტების ნაწილს გაზი ჩაუჭრს

2020-03-27 00:59:49

რუსთავში, კომუნალურმა კომპანიამ, სოკარ გაზ ჯორჯიამ აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. გაზი რუსთაველების იმ ნაწილს ჩაუჭრეს ვინც მიმდინარე თვეში დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა, ასეთი კი ასობით აბონენტია. სოკარ გაზის მომხმარებლები აცხადებენ რომ, იმ დროს როდესაც მათ მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და არ იმუშაონ ისინი ვეღარ ახერხებენ გადასახადების გადახდას, ამიტომ საჭიროა გარკვეული შეღავათები დაწესდეს.

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს.

მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

"ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება", - აცხადებენ სემეკში.

„იურიდიული პირების შემთხვევაში, დეპოზიტები, ანუ ელექტრო, გაზის ან წყლის მოხმარებისთვის არსებული კონკრეტული იურიდიული პირის სააბონენტო ბარათებზე განთავსებულია კონკრეტული იურიდიული პირის კონკრეტული კომუნალური გადასახადის თანხა (ელექტრო, გაზი, წყალი) ადეკვატური ოდენობით. მაგალითად, თუ იურიდიული პირი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 1000 ლარის ოდენობით, საშუალოდ ეს თანხა აქვს მას განთავსებული ელექტროენერგიის გადასახადის დეპოზიტზე, რომელსაც არავინ ეხება. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია ეს დეპოზიტები გამოიყენონ იურიდიულმა პირებმა და ამით დაფარონ შესაბამისი კომუნალური გადასახადი", - აცხადებენ სემეკში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.

2 დღის წინ ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც გაზის გადასახადის ვერ გადაიხადა გაზი ჩაუჭრეს. რუსთაველები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.