საწარმო "ჯეოსთილიდან" 200-მდე თანამშრომელი გაანთავისუფლეს, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა თანამშრომლებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს სამსახურის დატოვება პირადი განცხადების საფუძველზე მოსთხოვა.
"გვითხრეს, ხელი მოგვეწერა განცხადებაზე, რომ ჩვენ თვითონ ვთავისუფლდებით სამსახურიდან და სამსახური არ გვათავისუფლებს. თუ მოაწერ ხელს და დათანხმდები, კომპენსაციის სახით დაგერიცხება ხელფასის ნახევარი, თუ არ მოაწერ, არაფერი არ დაგერიცხებაო. შიშით ხალხმა მოაწერა ხელი, სადღაც 200 კაცამდე გაუშვეს. კომპენსაცია ნახევარი კი არა, მგონი ამ მდგომარეობაში და ამ ვითარებაში 100% ეკუთვნის ხალხს. მოვითხოვთ სრულ კომპენსაციას", - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თანამშრომლები სამსახურიდან 3 თვის ვადით განთავსუფლდენენ, ისინი "ჯეოსთილის" ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ.
საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო, ცხადია, საწარმოს ადმინისტრაციას დაუკავშირდა, კომპანიაში აცხადებენ, რომ: "არანაირი 200 კაცის განთავისუფლება არ მომხდარა. ჯართი არ შემოგვდის საწარმოში, საწარმო ნახევარ ცვლაში მუშაობს და შესაბამისად დატვირთვა ნაკლებია. 40-45 კაცს ეთხოვა, რომ დროებით წასულიყო საწარმოდან, სანამ ისევ არ შემოვიდოდა ჯართის საკმარისი რაოდენობა, შემდეგ უკან დაუძახებდნენ. პრობლემები რომ გვაქვს მასალაზე, ეს კორონავირუსის შედეგია, ნედლეულის გარეშე კი საწარმო ვერ იმუშავებს. თუ ვინმე გადაწყვიტავდა, რომ არ სურდა დალოდებოდა სიტუაციის გამოსწორებას და ერჩივნა წასვლა, ამ შემთხვევაში შეეძლო წასვლა, იძულება არ ყოფილა", - აცხადებენ "ჯეოსთილში".
იყო თუ არა "ლოდინის რეჟიმი" ანაზღაურებადი და რამდენ ხანს სთავაზობდა "ჯეოსთილი" მოლოდინის რეჟიმში ყოფნას თანამშრომლებს, ამ კითხვებზე პასუხი საწარმოში არ აქვთ.